top of page

ლავანდის წყალი (ლავანდის ჰიდროლატი)

Updated: Nov 25, 2021

რას წარმოადგენს იგი?

ლავანდის ჰიდროლატი არის იმ ორი პროდუქტიდან ერთ–ერთი, რომელიც ლავანდის ორთქლით გამოხდის შედეგად მიიღება. ზოგჯერ მას აგრეთვე მოიხსენებენ, როგორც ლავანდის ყვავილის წყალს. იგი შეიცავს მცირე პროცენტულობით ეთერზეთებს, ასევე მცენარეული ნედლეულის წყალში ხსნად კომპონენტებს. მას ეთერზეთის მსგავსი თვისებები გააჩნია, მაგრამ გამოყენებისას გაცილებით რბილი და აგრეთვე ბევრად უფრო უსაფრთხოა.


საინტერესოა ის ფაქტი, რომ ევროპაში მე-18 საუკუნემდე მცენარეების გამოხდა ხდებოდა ჰიდროლატების დასამზადებლად, ეთერზეთებიკი თანაპროდუქტად ითვლებოდა. მე-20 საუკუნეში,არც თუ იშვიათად, ჰიდროლატი მოიაზრებოდა ეთერზეთების წარმოების ნარჩენ პროდუქტად. დღეს გამომხდელები და თანამედროვე საზოგადოება აცნობიერებენ ჰიდროლატების მნიშვნელობას, მისი გამოყენების უამრავ შესაძლებლობას და, საბედნიეროდ, ეს ახლაც ასე გრძელდება. ზოგი ერთი გამომხდელი ახლაც ახდენს დისტილაციას ჰიდროლატის მიღების მიზნით!


გარეგნული მხარე და სურნელი:

ბევრს უკვირს, რომ ჰიდროლატს ლავანდის ეთერზეთისგან განსხვავებული სურნელი გააჩნია. არომატი უფრო მცენარეული ან ბალახოვანია, მსუბუქი ყვავილოვანი ნოტებით. მას არც ისეთი ძლიერი სურნელება აქვს, როგორც ეთერზეთს. მოიძიეთ ნიმუშები რამდენიმე თქვენი რჩეული მომწოდებლისგან, რადგან არომატებში შეიძლება შეინიშნებოდეს გარკვეული განსხვავება.

ჩვეულებრივ, ჰიდროლატი რძის მაგვარი სითხეა. ის არ არის ბლანტი და აქვს სუსტი მჟავიანობა.


გამოყენების სფეროები და სარგებლიანობა:

ლავანდის ეთერზეთს ძალზე მრავალფეროვანი შესაძლებლობები გააჩნია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჰიდროლატს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. ლავანდის ჰიდროლატის სარგებლიანობა მოიცავს დამაბალანსებელ, ანტისეპტიკურ, გამაგრილებელ, მომადუნებელ, დამამშვიდებელ და ხასიათის გამაუმჯობესებელ მოქმედებას. ლავანდას გააჩნია თვისება, მოერგოს თქვენი სხეულის საჭიროებებს, რის გამოც ის ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც დამამშვიდებელი, ასევე ხასიათის გამაუმჯობესებელი საშუალება.


ლავანდის ჰიდროლატის გამოყენება კანის მოვლისათვის:

ლავანდის ჰიდროლატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის კანისთვის. ის აბალანსებს კანს და შეუძლია სარგებლობის მოტანა სიწითლის ან აკნეს დროს. სახის გამწმენდი/მატონიზირებელი საშუალება: ჰიდროლატის გამოყენება შეიძლება უშუალოდ, როგორც რბილი გამწმენდი ან სახის მატონიზირებელი საშუალება. პულვერიზატორიან ბოთლში გარკვეული რაოდენობის შენახვა მოგცემთ საშუალებას ცოტაოდენი ყოველდღიურად მიისხუროთ სახეზე. ჰიდროლატების მიმზიდველობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საკმარისად ნაზია, რათა მოხდეს მათი ყოველდღიური მოხმარება.

ტანის სპრეი: შხაპის შემდეგ ტანზე ჰიდროლატის მისხურება თქვენს კანს არა მხოლოდ მსუბუქ სურნელს მიანიჭებს, არამედ მოუხდება მშრალ კანსაც.

ლოსიონების მომზადება: ლოსიონების მომზადება - გავრცელებული DIY („გააკეთე საკუთარი ხელით") პროექტია, თუმცა წყალზე დამზადებული კოსმეტიკა საჭიროებს შესაბამის კონსერვაციას (შენახვას), რათა მოხდეს საშიში ბაქტერიების ზრდის თავიდან აცილება. თუმცა ეს არც ისე საშიშია, როგორც ჟღერს. თუ გსურთ ცადოთ, მე დაბეჯითებით გირჩევთ, გაეცნოთ ენ უოტსონის წიგნს - „ლოსიონის ხარისხიანად მომზადება“(Anne Watson,Smart Lotionmaking), ხოლო Lotioncrafters-ს აქვს ლოსიონის მოსამზადებელი მასალების დიდი არჩევანი. მე დავამზადე მშვენიერი ლოსიონები წყლის ნაცვლად თხევად ფუძედ ვარდის, ნემსიწვერასა (Geranium) და ლავანდის ყვავილის წყლის გამოყენებით.

მზის დამწვრობა: რამდენადაც ლავანდის ზეთი საყოველთაოდ ცნობილი საშუალებაა დამწვრობის საწინააღმდეგოდ, ლოგიკურია, რომ ჰიდროლატს მზის დამწვრობების დროს გამაგრილებელი და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. პულვერიზატორიანი ბოთლით მისი გამოყენება აადვილებს მის დატანას კანზე მინიმუმი ტკივილით. ზოგი ურევს მას ჰამამელისთან (Hamamélis), როდესაც მზისგან დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებს.


საყოფაცხოვრებო გამოყენება:

კანის მოვლის საშუალებების გარდა, არსებობს სახლის პირობებში მისი გამოყენების განსხვავებული გზებიც. თეთრეულის სპრეი/ოთახის სპრეი: ბევრი ადამიანი იყენებს ყვავილების წყალს, რათა ნაზი სურნელი მიანიჭოს თავის ზეწრებს ან სხვა თეთრეულს. ეს განსაკუთრებით მიმზიდველია გამოსაყენებლად მათთვის, ვინც უძილობას უჩივის.

ის ასევე წარმოადგენს ჰაერის არომატიზატორი აეროზოლის ბუნებრივ შემცვლელს. თუ ულტრაბგერითი დიფუზორი გაქვთ, წყლის ნაცვლად შეგიძლიათ გარკვეული რაოდენობის ჰიდროლატი გამოიყენოთ.

რეცხვა: ცოტაოდენი ჰიდროლატი შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხ მანქანაში თქვენი სარეცხის გავლების დროს, რათა მსუბუქი არომატით გაახალისოთ თქვენი ტანსაცმელი; ზოგი კი, როგორც ამბობენ, წყლის ნაცვლად მას უთოშიც იყენებს. ორივე შემთხვევაში, ჯერ გირჩევთ, წინასწარ ცადოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ არ დააზიანებთ თქვენს ტანსაცმელს (ან თქვენს უთოს!). გახსოვდეთ, ის მცირე პროცენტით შეიცავს ეთერზეთებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლაქების გაჩენა.

დასუფთავება: ამ უნივერსალურ სითხეს ბევრი სახლის დასასუფთავებლად იყენებს. ის წმენდს აბსოლუტურად ყველაფერს, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩევა, როგორც შუშის, ქრომის და უჟანგავი ფოლადის საწმენდი საშუალება, რომელიც არ ტოვებს კვალს.


ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:

ჰიდროლატები შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას 2 წლის განმავლობაში (თუ მანამდე დიდი ხნით ადრე არ დახარჯავთ მას!). ვარგისიანობის ვადა გაიზრდება, თუ მას შეინახავთ მაცივარში.

უსაფრთხოება: ლავანდის ჰიდროლატი გამოყენებისთვის, ზოგადად, უსაფრთხოდ ითვლება. ეთერზეთებისგან განსხვავებით, იგი საკმარისად ნაზია, რომ ყოველდღიურად მოხდეს მისი მოხმარება. ასევე არ არსებობს ცნობილი უკუჩვენებები მისი გამოყენებისას ახალშობილებზე ან შინაურ ცხოველებზე, ან მათთან ახლოს.

[…]

ლავანდის ჰიდროლატი არის უნივერსალური, რბილი სითხე, რომელსაც აქვს მრავალი საერთო თვისება მისსავე ანალოგიურ ეთერზეთთან. ჰიდროლატების გამოყენების ყველაზე დიდი უპირატესობაისაა, რომ ის ბევრად უფრო რბილი და უსაფრთხოა, რაც შესაძლებელს ხდის მის რეგულარულად გამოყენებას, და არა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში (როგორც ეს ეთერზეთების გამოყენების დროს ხდება).

[…]


311 views0 comments
bottom of page